,,მეშახტემ“ პროფესიონალურ ლიგა 3-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა
ტყიბულის საფეხბურთო კლუბმა ,,მეშახტემ“ პროფესიონალურ ლიგა 3-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ბოლო თამაშზე, ,,მეშახტემ“ სახლში ,,მაჭახელა“ 2:1 დაამარცხა და ახალგაზრდა მწვრთნელის, ლევან ჯოხაძის თაოსნობით, სეზონი საკუთარ მოედანზე წაუგებელი სერიით დაასრულა.
მიღწეული წარმატება გუნდის წევრებსა და მათ მწვრთნელებს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ, გულშემატკივრებთან ერთად მიულოცეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შედეგიანი, თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვეს.სამახსოვრო სიგელი, ასევე გადაეცა კლუბ ,,მეშახტის“ დიდ ქომაგს, მოხალისე მედია-ოფიცერს და გამორჩეულ გულშემატკივარს, ბექა აშოთიას.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ,,მეშახტეს“ ლიგა 3-ში დასარჩენად და ფეხბურთელების სათანადო მომზადებისათვის ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდა. პრობლემების გადაჭრაში, მათ გვერდით დაუდგა ადგილობრივი თვითმმართველობა, რიგითი მოქალაქეები, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, უბრალოდ ტყიბულსა და ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს კლუბის წარმატებაში.
ტყიბულის ,,მეშახტე“ ერთადერთი იმერული კლუბია, რომელმაც ლიგა 3-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.