ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ტყიბულში
ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
მონიტორინგის ფარგლებში, ორპირი–სოჩხეთის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობის პროცესს გაეცვნენ, სადაც პროექტის თანახმად 14 კილომეტრი ასფალტო–ბეტონის საფარი დაიგება, რომლითაც 15 სოფელი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 10 080 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, 14 მიმართულებით სამუშაოები ხორციელდება შიდა საუბნო გზებზეც.
ტყიბული მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს N7 საჯარო სკოლის ახალი სასწავლო კომპლექსის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული სამსართულიანი შენობის სრული რეკონსტრუქცია, ახალი ორსართულიანი შენობის, სპორტული დარბაზის, საქვაბე ბლოკის, გარე საფეხბურო მოედნის მშენებლობა და ეზოს კეთილმოწყობა. თანამედროვე სტანდარტების მქონე სასწავლო კომპლექსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
მე-7 საჯარო სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 571 415 ლარს შეადგენს. მშენებლობაზე 50 მდე ადგილობრივია დასაქმებული.
მუნიციპალიტეტის მერმა და მხარის ხელმძღვანელობამ, თაბუკაშვილის ქუჩაც დაათვალიერეს, სადაც საავტომობილო გზაზე 960 გრძივი მეტრი არმირებული ბეტონის საფარი დაიგო, რისთვისაც რგფ-მა მილიონ 100 ათასი ლარი გამოჰყო. სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო საყრდენი კედლი, ახალი განათებები, სანიაღვრე არხები, ხის ბოგირები, ტროტუარები, ბორდიურები, ასევე დამონტაჟდა მცირე ზომის ნაგავშემკრები კონტეინერები და თანამედროვე ტიპის ორი მგზავრთა მოსაცდელი, სადაც მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების შესახებ საინფორმაციო სტიკერები განთავსდა.
მონიტორინგის ფარგლებში მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცვნენ. შიდა ეზოების პროექტის ფარგლებში სამუშაოები ცხრა მიმართულებით ხორცილედება და მისი ჯამური ღირებულება 586 892 ლარია.