მერმა სოფელ გელათში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგი განახორციელა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ გელათში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგი განახორციელა.
`
თემურ ჩუბინიძემ გელათის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი ალტერნატიული, საფეხმავლო და საავტომობილო გზის ( დავითის გზა) სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. გასულ წელს პროექტის ფარგლებში, ისტორიულ გზის 682 მეტრიან მონაკვეთზე საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო და განხორციელდა არსებული ქვის ყორეების აღდგენა. დასახლებულ უბანში 450 მეტრზე დაიგო ბეტონის საფარი და გააკეთდა გარე განათების სისტემა, ხოლო კილომეტრიან მონაკვეთზე გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობის გამო, არმირებული საავტომობილო გზის მოწყობა წელს ხორცილდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის რეაბილიტაციის პარალელულად, ასევეა დაგეგმილი ფანჩატურებისა და ძელ- სკამების განთავსება. პროექტის ღირებულება - 1 113 662 ლარს შეადგენს.
მერი, სოფელ გელათში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციითაც დაინტერესდა. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ორ ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა. ბაღის სარეაბილიტაციოდ 298 420 ლარი იხარჯება.
მუნიციპალიტეტში ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.