ტყიბულის მუნიციპალიტეტში ,,ხრესილობა“ აღინიშნა
ხრესილის ბრძოლის 264-ე წლისთავთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა, ხრესილის ომის მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო ქვეყნისათვის თავდადებულთა ხსოვნას.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ხრესილის ომის ისტორიული მონაკვეთის შესახებ მოხსენებები წაიკითხეს ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა დავით შავიანიძემ და ხრესილის საჯარო სკოლის დირექტორმა ზვიად კუბლაშვილმა. სიტყვით გამოვიდა მუნიციპალიტეტის მერი და მან ინიციატივა გამოთქვა, რომ მომავალ წელს გაცილებით მასშტაბური ხასიათი მიეცეს ხრესილობის აღნიშვნას, მათ შორს, მოეწყოს სამეცნიერო კონფერენცია ახალგაზრდების ჩართულობით.
მემორიალთან თემატური ხასიათის მცირე კულტურული ღონისძიებაც მოეწყო, ხოლო საპატიო ყარაულში, ჩოხოსნებთან ერთად, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ტყიბულის რაზმიც იდგა.
1757 წლის მიწურულს ქართველთა 15 000 კაციანმა ლაშქარმა, მეფე სოლომონ I მეთაურობით, ხრესილის ველზე შემოჭრილ ოსმალთა 50 000-იან ჯარზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ეს ბრძოლა საქართველოს ისტორიაში ხრესილის ომის სახელით შევიდა. ორი საუკუნის შემდეგ კი, 2016 წლის 22 დეკემბერს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ, იმერთა მეორე აღმაშენებლად წოდებული, მეფე სოლომონი წმინდანად შერაცხა.
,,ხრესილობა“ ტყიბულის მუნიციპალიტეტში 1996 წლიდან აღინიშნება.