Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულშ ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება

25 January, 2023

ტყიბულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება და ქალაქს რამდენიმე ახალი ლოკაცია შეემატა.

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ტყიბულში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგი განახორციელეს და პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია სამუშაოთა მწარმოებლებისგან ადგილზე მიიღეს.

საპილოტე რეგიონების განვითარების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში, 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. აღნიშნული ობიექტები თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს, მათ შორის, მოინახულეს განახლებული რეკრეაციული ზონები.

            

ცირეკიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სკვერი შემოისაზღვრა დამცავი მოაჯირებით და იქ არსებული კიბეები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, განთავსდა ხის საბაღე სკამები და ურნები, ასევე დაირგო ხე-მცენარეები.

ისტორიული იერსახის შენარჩუნების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა რუსთაველის ქუჩაზე, სადაც არსებული კიბეები გამორჩეული არქიტექტურული გადაწყვეტით მოეწყო. პარალელურად აღნიშნულ ქუჩაზე სრულდება N2 და N4 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტყვარჩელის ქუჩაზე უკვე დასრულდა, ქალაქში შემოსასვლელი ალტერნატიული გზის 1 კილომეტრიანია, ხოლო სოფელ გელათში 3 კილომეტრიანი მონაკვეთის ბეტონის საფარით რეაბილიტაცია. ასევე, ცხრაჯვარიდან სალოცავამდე მოეწყო 800 მეტრიანი, ხოლო ცხრაჯვარიდან სოფელ ძმუისის კანიონამდე 22 კმ-იანი საფეხმავლო ტურისტული ბილიკი.

               

გარდა ამისა, დავით ჩერქეზიშვილი გელათის ქუჩაზე არსებულ სამუშაოებსაც გაეცნო, სადაც გზის სავალი ნაწილის ქვაფენილით მოპირკეთება, სკვერის მოწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადების და სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მდინარის ორივე მხარეს ხორციელდება მოაჯირების, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე სახურავების რეაბილიტაცია და იწყება სადგურის წინ სკვერის მოწყობის სამუშაოები.

მოგვიანებით მუნიციპალიტეტის მერმა, გამსახურდიას ქუჩაზე (N30) განახლებული მინი სპორტული მოედანი ბავშვებთან ერთად გახსნა.

 პროექტის ფარგლებში მოეწყო ხელოვნური საფარი, გარე განათების სისტემა, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარებები და მოედანი შემოისაზღვრა ბადე-პანელებით. 90 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სრულდება რუსთაველის ქუჩაზეც (N23), რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 83775 ლარი იხარჯება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაძისა და კუპრაშვილის ქუჩებზეც იმყოფებოდნენ, სადაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით გზის 200 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო.

ამასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრძელდება მასშტაბური სამუშაოები გამსახურდიას ქუჩაზე, რომელიც 30-მდე მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობის, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

Share page