სახალხო ზეიმი ,,მურყანვაზობა"
ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში, დედაღვთისას მონასტრის ეზოში, საერთო სახალხო ზეიმი „მურყანვაზობა“ გაიმართა.
მურყანი - რთხმელაზე შემოხვეული მრავალსაუკუნოვანი ვაზია, რომელსაც მსხმოიარობა აქვს დაკარგული. სწორედ აქედან წარმოიშვა სახალხო ზეიმის იდეა, რომელიც გულისხმობს საბარძიმე ღვინის დამზადებისათვის საჭირო ყურძნის დაწურვისა და სხვა კულტურულ-ეთნოგრაფიული ტრადიციების გაცოცხლებას.
საბარძიმე ღვინის დასამზადებლად ყურძენი ,,დედაღვთისას საბრძანებელს“ საჩუქრად ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ გადასცა, რომლის ინიციატივითაც მოეწყო აღნიშნული ღონისძიება.
,,მურყანვაზობის“ სახალხო ზეიმს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე) მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელიუფლების სხვა წარმომადგენლეი ესწრებოდნენ.
,,მურყანვაზობისთვის“ საჭირო ყურძენი, მორთული ხარ-ურემით, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მგლობელთა გუნდის თნხლებით აიტანეს მონასტრის ეზოში, სადაც საზეიმოდ მოხდა მისი დაწურვა. ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი სანახაობით, აგრეთვე საზეიმოდ აღესრულა ნათლობისა და ჯვრისწერის რიტუალები.
,,მურყანვაზობის“ დღესასწაული, მუნიციპალიტეტში წელს პირველად გაიმართა, ღონისძიება ძალიან ლამაზი და სანახაობრივი გამოვიდა და ვეცდებით მომავალში მან ტრადიციული სახე მიიღოს“- განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ.
ღონისძიება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურული ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო.