ტყიბულის შესახებ
მდებარეობა, განლაგება, ისტორიული ძეგლები
ტყიბულის მუნიციპალიტატი, რომელიც ისტორიულ ოკრიბას მოიცავს, მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ - ქვემო იმერეთში, ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე. იგი გაშენებულია მდინარე ტყიბულას (მდ. მყვირილას მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე, რომელიც შემოფარგლულია ტყით დაფარული მთაგორიანი ტერიტორიით. ტყიბულის მუნიციპალიტეტში შედის ათი ადმინისტრაციული ერთეული: ქალაქი ტყიბული, გურნა, კურსები, ორპირი, საწირე, სოჩხეთი, ხრესილი, ჯვარისა, მუხურა და ცუცხვათი. სულ მუნიციპალიტეტში 47 სოფელია.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: ლეხიდარი, ძუსა, ტყიბულა, მაღარა-ჭიშურა, წყალწითელა, ქვეხუნა. არის რამდენიმე ჩანჩქერი მუხურასა და ძმუისში. ფლორა და ფაუნა წარმოდგენილია, როგორც ვიწრო არეალის კოლხური, ასევე კავკასიური ენდემური სახეობებითა და ჯიშებით.
ტყიბული მდიდარია ისეთი წიაღისეულით, როგორიცაა ქვანახშირი, დიპტოლიტური და ნახშიროვანი ფიქალები, ქალცედონი, ტეშენიტი, ბარიტი, კვარცის ქვიშები, მარმარილო, ბაზალტი, გიშერი, ცეცხლგამძლე და საცემენტე თიხები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მინერალური წყალი. ტყიბულში მრეწველობის ძირითადი დარგია ქვანახშირის მოპოვება. ქვანახშირის საბადოს აღმოჩენის თარიღად 1825 წელი ითვლება, ხოლო მისი სამრეწველო დამუშავება- ექსპლოატაცია 1846 წელს დაიწყო. სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტია სიმინდი, განვითარებულია მევენახეობა, ჩაის კულტურა. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მეცხოველეობა. კარგად ვითარდება მეფუტკრეობა, მეხილეობა.
ოკრიბა განთქმულია ისტორიული ძეგლებით. ისინი ყურადღებას იქცევენ თავიანთი მოზაიკით, მოხატულობით, ფრესკული და ლაპიდარული წარწერებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.გარდა გელათისა, მუნიციპალიეტის ტერიტორიაზეა, სამონასტრო კომპლექსი მოწამეთა და „ნაქალაქარი". ასევე ჯვარისის, ცუცხვათის და საწირის ციხეები. ბუნების საოცრებას წარმოადგენს ცუცხვათის კარსტული მღვიმოვანი „მაღარა", რომელიც 13 სართულისაგან შედგება. რამდენიმე სართულში წარმოქმნილია სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმეთა შორის ჭარბობს ე.წ. „თბილი მღვიმეები", რომლებიც საცხოვრებლად გამოუყენებიათ პირველყოფილ ადამიანებს. ეს მღვიმე საკულტო დანიშნულებისათვისაც ყოფილა გამოყენებული, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. მღვიმეში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, აგრეთვე ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები.
ტყიბულში, გარდა გელათისა და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსისა , მასობრივი ტურიზმის ობიექტად გადაქცევის პერსპექტივა აქვს ,,ცხრაჯვარს“ და ცუცხვათის მღვიმოვანს, რომელიც 1974 წლიდან სახელმწიფო ნაკრძალადაა გამოცხადებული.
ისტორია
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია უძველესი ადამიანის ნასახლარები მდინარე წყალწითელას ხეობაში: ცუცხვათის მღვიმეში, ნაქერალას ქედის ფერდობზე, ახალსოფლის ტბის მიდამოებსა და მდინარე საბელასურის ხეობაში. ანტიკური ხანის ნასახლარების არსებობა დასტურდება სოფლებში გადაღმა წყალწითელა, სოჩხეთი, ჯვარისა, ოჯოლა, გელათი, კურსები, ოხომირა. მდინარე წყალწითელას ხეობაში არსებულ "ციხე-გორაზე" აღმოჩენილია ბრინჯაოსს იარაღის საწარმოები და ანტიკური ხანის კოლხური მონეტების ზარაფხანა.
1071 წლის ნიკორწმინდის "იადიგარში" ჩნდება სახელწოდება "ოკრიბა". ფეოდალურ ხანაში ოკრიბა ნაწილი იყო ქუთაისის საერისთავოსი, რომელიც მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და ხანისწყლის დასავლეთ მხარეს გურიამდე (გვიანფეოდალური ხანის საჩხეიძეო, სალომინაო და საჯავახო. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო. ოკრიბაში მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა, თუმცა ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრებიც. ოკრიბის სოფლების უმეტესობა მხეიძეების საგვარეულოს ეკუთვნოდა. იმერეთის სამეფოს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე სადროშოში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი გელათის ეპისკოპოსი იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო გელათის მონასტერი და მოწამეთა. XIX საუკუნიდან ოკრიბამ სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლა განიცადა.
მოსახლეობის რაოდენობა და ურბანული გადანაწილება
2014 წლის აღწერის მონაცემები ტყიბულის მუნიციპალიტეტში 20 839 ადამიანი ცხოვრობს. სულ მუნიციპალიტეტში 47 სოფელია. გარდა ქართველებისა აქ ცხოვრობენ რუსები და უკრაინელები.