ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

პროექტი ,,დანერგე მომავალი"

8 ოქტომბერი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის მოადგილე ბესიკ გოფოძე და სოფლის მეურნეობის სამინისროს ტყიბულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები, ტყიბულსა და ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობას პროექტის ,,დანერგე მომავალი“ ახალი ქვეკომპონენტი გააცვნეს, რომელიც ,,კენკროვანი კულტურების“ განვითარებაზეა ორიენტირებული. 

პრეზენტაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტისმერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.



ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.


ფიზიკური პირის დაფინანსების შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა-დან არაუმეტეს 0.5 ჰა-ის ჩათვლით კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარკონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა. 

იმერეთში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ კენკროვანების ქვეკომპონენტი განხორციელდება: საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის მუნიციპალიტეტებში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში.

გააზიარე