ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საწირეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

8 ნოემბერი, 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას აგრძელებს. ამჯერად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა სოფელ საწირეში მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. 

სოფელ საწირეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესით დაინტერესდნენ და მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ლაშა აბაშიძემ. აზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. საწირის საზოგადოებრივი ცენტრი არა მარტო ამ სოფელში მცხოვრებ მომხმარებელს მოემსახურება, არამედ მიმდებარე სოფლებსაც. დღემდე მოსახლეობას დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად ტყიბულის ტერიტორიულ სამსახურში მისვლა და რამდენიმე კილომეტრის გავლა უხდებოდათ.

ახალ საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივები მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვა სერვისებით სარგებლობას. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, სოფლის მკვიდრნი საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებითაც, რაც პენსიონერებს პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების საშუალებას მისცემს.


სოფელ საწირის საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე იქნება განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკა. საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ქვეყნის მასშტაბით, 57 ქართული სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, ხოლო წლის ბოლომდე საწირის ჩათვლით კიდევ 9 სოფლი ისარგებლებს. მომავალ წელს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, ტყიბულის გარდა, კიდევ 14 მიუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. 
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. 

საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.


საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მომხმარებლებს, ადგილობრივ ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები მომსახურების სფეროში დახმარებას გაუწევენ. ახალ პროექტს სახელწოდებით − „ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე“ − მიმდინარე წელს სოფელ ხრეითში ჩაეყარა საფუძველი. პროექტი ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მოხალისეებად უფროსკლასელები იმუშავებენ და საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მოქალაქეებს დახმარებას გაუწევენ ინფორმაციის მოპოვებაში ინტერნეტის მეშვეობით, ტექსტის აკრეფაში, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის მოძიებაში, სკაიპის პროგრამით სარგებლობაში.

მოხალისეებს საშუალება ექნებათ, გუნდურად მოიფიქრონ და განახორციელონ მათთვის თუ თანატოლებისთვის საინტერესო აქტივობები, გამართონ დისკუსიები და განხილვები. სხვადასხვა საზოგადოებრივ ცენტრში მომუშავე მოხალისეები შეეჯიბრებიან ერთმანეთს საუკეთესო მომსახურების გაწევაში, იდეების მოფიქრებასა და ხორცშესხმაში.

პროექტის მიზანია, საშუალება მისცეს ადგილობრივ უფროსკლასელებს, გამოიმუშაონ თანამედროვე გარემოში საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება, გაითავისონ კონკურენციის პირობებში მუშაობის, იდეების გენერირებისა და მათი ეფექტიანად განხორციელების უნარები.

გააზიარე