ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

,,სოფლის მხარდაჭრის პროგრამის“ განხორციელება იწყება

9 იანვარი, 2019

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოქმედება 2019 წლის  1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით  პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში სოფლის  კრებები  ან კონსულტაციები გაიმართება, სადაც მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელ პროექტებზე. პროექტის შერჩევის პროცესი უნდა დასრულდეს 2019 წლის 1 მარტამდე. იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ვერ მოახერხებს შეთანხმებას დასაფინანსებელ პროექტებზე, პროგრამით გათვალისწინებული თანხა ბრუნდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში (რეგფონდში) და მოხმარდება ისევ რეგიონის საჭიროებებს. „სოფლის მხარდაჭერის  პროგრამით“ მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

გაანგარიშება შემდეგი პრინციპით მოხდება:

 ა) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს გამოეყოფა 5 000 ლარი;

 ბ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400 მაცხოვრებელს გამოეყოფა 6 000 ლარი;

გ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1 000 მაცხოვრებელს გამოეყოფა 8 000 ლარი;

დ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვრებელს გამოეყოფა 10 000 ლარი.

 პროგრამა  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტი იქნება და მისი ოდენობა 20 მილიონი ლარით განისაზღვრება.

  
პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა:

  • სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდებით); წყაროების მოპირკეთება;
  • სარწყავი სისტემები;
  • სანიაღვრე არხები;
  • ნაპირსამაგრი სამუშაოები;
  • გზები;
  • ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
  • გარე განათება;
  • სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  • სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
  • ამბულატორიის შენობები;
  •  კულტურის ობიექტები;    
  • სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
  • სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
  • წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
  • სასაფლაოს შემოღობვა;
  •  თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები;
  • მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

 

 
სოფლის კრებები თებერვლის ბოლომდე ყველა სოფელში ჩატარდება. კრებაზე/კონსულტაციაზე მოსვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

პროექტებისათვის გამოყოფილი საორიენტაციო თანხის ოდენობის ფარგლებში, მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებები მერიაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოცემული ფორმის შესაბამისად.

გააზიარე