ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ინფორმაცია შეზღუდვებთან დაკავშირებით

17 აპრილი, 2020
  •  რომელი სატრანსპორტო საშუალებით მეზღუდება გადაადგილება?

 იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა.

  •  რომელი სატრანსპორტო საშუალებით შემიძლია გადაადგილება?

არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.

  • ეხება თუ არა შეზღუდვა ტაქსებს?

შეზღუდვა ეხებათ ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.

  •  როგორ შემიძლია მოვიპოვო საშვი მანქანით გადაადგილებისთვის?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო).
თუ თქვენ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე - 144.

  • ვმუშაობ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. როგორ უნდა მივიდე სამსახურამდე?

თქვენი გადაადგილება საცხოვრებლიდან სამსახურამდე და პირიქით, უნდა უზრუნველყოს თქვენმა დამსაქმებელმა.

  •  ვარ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია. როგორ უნდა გადაადგილდნენ ჩემი თანამშრომლები სამსახურამდე?

დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2(მიკროავტობუსით) და M3(ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული ნებართვის მისაღებად, კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით მარშუტების განსაზღვრას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.

  •  როგორ უნდა გადავაადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად?

სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია.

თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ.: დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად).

თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ.: დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.

იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ - სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება.

  •  შემიძლია თუ არა სასურსათო პროდუქტის ან/და ფარმაცევტული პროდუქტის გამოძახება?

საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/პროდუქტის მიტანის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება დასაშვებია. შესაბამისად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. „დელივერი“ სერვისით.

  • შემიძლია თუ არა სასაფლაოზე წასვლა?

იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.

  •  სასაფლაოზე შესვლა მხოლოდ ქალაქში იზღუდება, თუ ყველგან?

სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით.

  •  პირბადის ტარების ვალდებულება რომელ დაწესებულებებში მაქვს?

პირბადის ტარების ვალდებულება გაქვთ ყველა დახურულ საჯარო სივრცეში (მაგ.: აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში და სხვ.).

  •  შემიძლია თუ არა გადაადგილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად?

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.

  •  მაქვს სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ოჯახის წევრის ან სხვა პირის გადაყვანა?

არა. ავტოსანტრანსპორტო საშუალებით უნდა გადაადგილდეთ მხოლოდ თქვენ, სამსახურებრივი მიზნით.

  •  მაქვს სამსახურებრივი მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა თანამშრომლის გადაყვანა ჩემი სატრანსპორტო საშუალებით?

დიახ, სამსახურებრივი მიზნით, თქვენი სატრანსპორტო საშუალებით, თანამშრომლის სამსახურში გადაყვანის უფლება გაქვთ, ავტომობილში მგზავრთა განთავსების წესების დაცვით.

► იხილეთ N252 დადგენილება - „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4852403?publication=0

გააზიარე