,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები აქტიურად იმართება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ორპირის, კურსების და ცუცხვათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ.
ორპირში, კურსებსა და ცუცხვათში ამომრჩევლებთან კონსულტაცია გაიმართა, ხოლო სოფლებში: ლაფეთი, ჯონია, კოკა, ოხომირა, მანდიკორი, შუყერი, ნაბოსლევი, ზედა ჭყეპი, ქვედა ჭყეპი, გელათი, მოწამეთა, დასახლების საერთო კრებები ჩატარდა.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოსახლეობისგან სოფლებში განსახორციელებელ პროექტებზე მოსაზრებები მოისმინეს, რომელთა უმეტესი ნაწილი გარე განათებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხებს შეეხებოდა, ასევე, გამოიკვეთა სხვა საჭიროებები. გელათსა და ცუცხვათში პრიორიტეტად ბოგირის მოწყობა დასახელდა, ნაბოსლევში სკვერის განახლება, ლაფეთში არტეზიული ჭა, ხოლო კურსებში ადგილობრივებმა მხარი სასაფლაოს, სკოლისა და საბავშვო ბაღის ეზოების შეღობვას დაუჭირეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ტყიბულის მუნიციპალიტეტში 21 მარტს დასრულდება.