ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

10 ნოემბერი, 2022

ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „საქნახშრისა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი მიესალმა, რომელმაც პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, კომპანია ,,საქნახშირის“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ერთობლივად წამოწყებულ პროექტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და სტუდენტებს წარმატებები და პროფესიული განვითარება უსურვა.

ღონისძიებაზე სიტყვით, ასევე, გამოვიდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გიგა ცნობილაძე და „საქნახშირის“ დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში, ბადრი არაბიძე, რომლებმაც სამთო დარგის განვითარებასა და ახალგაზრდების პროფესიულ ზრდაზე ისაუბრეს.

ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სამთო ტექნიკოსის, სამთო ელექტრო-მექანიკოსისა და მყარი წიაღისეულის გამდიდრების, ასევე, სამშენებლო და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებზე წელს, როგორც ტყიბულიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 172 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან სწავლა 91 სტუდენტმა დაიწყო.

მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, სასწავლო პროცესს „საქნახშირის“ საუკეთესო სამთოელები გაუძღვებიან და ინსტიტუტის სტუდენტებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ. აღსანიშნავია, რომ „საქნახშირი“ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებას და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს, ასევე, ხელს უწყობს ახალი თაობის სამთოელების პროფესიულ ზრდას და დარგის განვითარებას.

გააზიარე