ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

12 იანვარი, 2023

ძლიერმა ქარმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები შექმნა. სტიქიის პარალელურად სალიკვიდაციო სამუშაოები ოპერატიულად მიმდინარეობს.

ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიაზე რეაგირების შტაბი და საგანგებო რეჟიმში მუშაობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის, სოკარის, ენერგო-პრო ჯორჯიას, საგზაო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფები.

სტიქიის შედეგად, სხვადასხვა ლოკაციებზე წაიქცა ხეები, დაზიანდა შენობებისა და საცხოვრებელი სახლების სახურავები, ორი ავტომობილი, ელექტროგადამცემი და ინტერნეტის მაგისტრალური ხაზები. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. წაქცეული ხეებისგან დაუყოვნებლივ განხორციელდა გზების გასუფთავება და მოძრაობა აღდგა ყველა მიმართულებით.

                

ვითარებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, პირველ მოადგილესთან გიორგი ლომთაძესთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ზაზა ზოსიაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების მიერ, გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დროებით მოძრაობა შეზღუდულია. გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტომობილებისთვის და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მუნიციპალიტეტში, ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 599273250

 მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს სტიქიის შემსწავლელი კომისია ითვლის.

მოქალაქეებს მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, მოერიდოთ გარეთ გამოსვლას და გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან.

გააზიარე