ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

წყალმომარაგების მესამე ეტაპის სამუშაოები იწყება

8 ნოემბერი, 2022

ქალაქ ტყიბულის წყალმომარაგების მესამე ეტაპის სამუშაოები იწყება, რომელიც წყალმომარაგების ქსელის მოწყობას, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტყიბულის სერვის-ცენტრის რეაბილიტაციას და აბონენტების გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილეს, ირაკლი ნაფეტვარიძეს და კონტრაქტორი კომპანიის - შპს ,,საბას" წარმომადგენლებს შეხვდა. მერიაში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც, ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში, აგრეთვეა განსაზღვრული რეზერვუარების, მაგისტრალური მილებისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა იმ ქუჩებზე, სადაც პირველ ეტაპზე სამუშაოები ვერ განხორციელდა.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით სამუშაოები 15 დეკემბრიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის წინა ორ ეტაპზე ქალაქ ტყიბულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა განხორციელდა.

გააზიარე