გამოხმაურება
გამოხმაურება ტყიბულში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ქალბატონის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით
საინფორმაციო სააგენტოს ,,პუბლიკა“ მიერ 30 ნოემბერს გამოქვეყნდა სტატია წერილის შესახებ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის ’’ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ’’ (FAD) მიერ გაიგზავნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისადმი. წერილის შინაარსი, რომელიც ეხებოდა ’’სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედის შეშით მომარაგების საკითხს“ შეიცავდა არასწორ ინტერპრეტაციას, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ მუნიციპალიტეტის მერია სიცივეში ამყოფებს სოციალურად დაუცველ ოჯახს, ყურადღება არ ექცევა მარტოხელა დედას და გვიანდება შეშით უზრუნველყოფა.
ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წლებია სისტემატურად იჩენს მზრუნველობას სტატიაში აღნიშნული სოციალურად დაუცველი ქალბატონის და მისი შვილების მიმართ. ამჟამად, ქალბატონი არ ფლობს მარტოხელა დედის ოფიციალურ სტატუსს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოგიდგენთ ინფორმაციის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს, თუ რა ტიპის მხარდაჭერები განხორციელდა და ხორციელდება მერიის სხვადასხვა პროგრამებიდან ქალბატონის ოჯახის მიმართ მხოლოდ 2021 წელს:
1. ოჯახი იღებს ყოველთვიურ ფულად დახმარებას;
2. ოჯახი სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით;
3. ოჯახს გადაეცა საახალწლო და სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტები;
4. ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში 3 ეტაპად განხორციელდა შესაბამისი პროდუქტებისა და პაკეტების გადაცემა;
5. ერთჯერადი ფულადი დახმარება - 300 ლარი (შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში);
6. გადაეცა სასკოლო-საკანცელარიო ნივთები;
7. ერთჯერადი ფულადი დახმარება - 150 ლარი (კომუნალური გადასახადებისთვის);
8. ერთჯერადი ფულადი დახმარება - 1400 ლარი (ფანჯრებისა და აბაზანის კარების შეცვლის მიზნით, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში).
ამასთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილი საკითხები:
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა დამხარდაჭერის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას ოჯახის მხარდაჭერის მიზნით.
2. პირველ ეტაპზე ოჯახს მიუტანეს 1 კუბური მეტრი დაჩეხილი შეშა, დამატებით 2 კუბურ მეტრ შეშას მიუტანენ 5 დეკემბერს და დაეხმარებიან შეშის უსაფრთხო ადგილზე განთავსებაში (შეშა შეძენილია, მიმდინარეობს მისი დაჩეხვის პროცესი)
3. მიმდინარე დღეებში სოციალური მუშაკების მიერ ქალბატონთან გასაუბრების შედეგად გაირკვა დამატებითი ახალი გარემოებები, რომელთა უზრუნველყოფაც უკვე დაწყებულია და დასრულდება უახლოეს პერიოდში, კერძოდ:
ა)გაზ-ქურის შეცვლა (ახალი გაზ-ქურა უკვე დამონტაჟებულია და გადამოწმდა გაზის გაყვანილობაც სპეციალისტის მიერ);
ბ) სარეცხი მანქანის შეკეთება (მიმდინარე);
გ) სამზარეულოს კარადის შეცვლა; (მიმდინარე)
დ) სკამების დამატება (მიმდინარე);
ე) საწოლების დამატება (მიმდინარე);
აღსანიშნავია, რომ გარდა მატერიალურ-ტექნიკური პრობლემებისა, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც, რომელთა დასახელებისგან შეგნებულად შევიკავებთ თავს. გვჯერა, რომ ქალბატონი ხელს შეგვიწყობს ერთად გავაუმჯობესოთ მისი პატარების სოციალური გარემო და ყველაფერი გავაკეთოთ ქალბატონის ვაჟის საბოლოოდ გამოჯანმრთელებისათვის.
ამჟამად, ტყიბულის მუნიციპალიტეტში დახმარებით სარგებლობს 850-მდე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახი. გარდა ამისა, მერია ეხმარება წელიწადში საშუალოდ 1000-ზე მეტ ბენეფიციარს, რომელიც საჭიროებს დახმარებას. სწორედ ამიტომ, 2022 წლის საპროგნოზო ბიუჯეტში 160 000 ლარით გაზრდილია სოციალური დახმარებისა და მერიის სარეზერვო ფონდი.
ვხედავთ რა, როგორი რთული სოციალური გამოწვევების წინაშე დგას ტყიბულის მუნიციპალიტეტი, მივმართავთ თხოვნით ყველა დაინეტრესებულ პირს, არ გამოქვეყნდეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ნუ დავძაბავთ ისედაც დამძიმებულ სოციალურ გარემოს, არ დავაკნინოთ ჩვენი სოციალური მუშაკებისა და თანამშრომლების შრომა და თუ ასეთი გამოწვევების ჟამს, ისინი მუდამ ვერ იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე, ვიყოთ კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს ვიყოთ გულშემატკივრები.
გარწმუნებთ, არასდროს მოხდება ის, რომ საკითხი დარჩეს ღიად ან ყურადღების გარეშე!
ერთმანეთის თანადგომით, აუცილებლად შევძლებთ როგორც ზემოთ აღნიშნული ქალბატონის ოჯახის, ასევე, ყველა ჩვენი მოქალაქის მხარდაჭერას, ვინც ამას ჩვენგან მოელის.
პატივისცემით,
ტყიბულის მინიციპალიტეტის მერია