ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ქალაქის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა

8 ოქტომბერი, 2018

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა და თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „მიმდემი“ ახორციელებს.

ამ ეტაპზე სავალი გზის ნაწილი დაპროფილებულია და ინერტული მასალაა შეტანილი, სადაც მძიმე ტექნიკის მეშვეობით მიმდინარეობს ტკეპნითი სამუშაოები. პარალელურად საპროექტო გზის მიმდებარედ ხორცილედება 90 გრძივი მეტრი საყრდენი კედლის მონოლითური რკინა-ბეტონით მოწყობა, რომლის სიმაღლეც ორი მეტრი იქნება. სამუშაოები შეაფერხა გზის პერიმეტრზე არსებულმა სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის, 300 მეტრიანი მონაკვეთის, მწყობრიდან გამოსვლამ.

 

,,შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიშს უხდი მოსახლეოას, სამუშაოების შეფერხება გამოიწვია გზის პერიმეტრზე არსებულმა სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის მწყობრიდან გამოსვლამ. ადგილობრივი თვითმმართველობის ოპერატიული ჩართულობის შედეგად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მიმდინარეობს აღნიშნული დაზიანების სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე ტიპის, 300 მმ-იანი დიამეტრის, მაღალი წნევის გამავლობის, პოლიეთილენის მასალისაგან დამზადებული, სასმელი წყლის მილებით.

თაბუკაშვილის ქუჩაზე რგფ-ის დაფინანსებით 960 გრძივი მეტრი კაპიტალური ბეტონისსაფარიანი არმირებული გზის საფარი იგება, რისთვისაც მილიონ 100 ათასი ლარი იხარჯება. სრული რეაბილიტაციის ფარგლებში აქ მოეწყობა განათებები, სანიაღვრე არხები, ხის ბოგირები, ტროტუარები, ბორდიურები და დაიდგმება ნაგავშემკრები კონტეინერები. ამ ეტაპზე ქუჩის გასწვრივ მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების პირველი სართულების რეაბილიტაცია მოხდა - შეილესა და შეიღება“, - განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ.

მუნიციპალიტეტის მერმა, შიდა ეზოების პროექტის ფარგლებში, კოსტავას N2-ში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც, ასევე, შპს „მიმდემი“ აწარმოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 99 ათს 530 ლარია და ასფალტო-ბეტონის საფარით გზის მოწყობას ითვალისწინებს. ინერტული მასალა უკვე შეტანილია და შესაბამისი ტექნიკით გზის პროფილირება და დატკეპნა ხდება. აღდგა ეზოში დაზიანებული კედლის მონაკვეთი. გეგმაშია ეზოსთან მისასვლელი გზის, სანიაღვრე არხების, ბაზალტის ქვით ბორდიურებისა და ეზოში შესასვლელი ახალი ჭიშკრის მოწყობა, ასევე, განათების მონტაჟი.

 

მონიტორინგის ბოლოს, თემურ ჩუბინიძე ქალაქში გარე-განათების ქსელის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 72 ათას 300 ლარი გამოყო და 800-მდე ახალი, სხვადასხვა სიმძლავრის, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათი შეიძინა, რომელთა მონტაჟი დაახოებით ორი კვირაა მიმდინარეობს. განახლებული სისტემა ცენტრალურ ქუჩას სრულად, ასევე, უბნებსა და ჩიხებს მოიცავს და ძველ ლამპიონებს ახალი ეფექტური ნათებით ჩაანაცვლებს.

გააზიარე