მერიასა და დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და „საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და დინამო თბილისის აკადემიის დირექტორმა, ლევან გვანცელაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს, დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის დაფუძნებას ტყიბულში, 6 -დან 12 წლამდე ასაკობრივი გუნდებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ნიჭიერი ფეხბურთელების პროფესიონალებად ჩამოყალიბების საქმეში. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, გადამზადდებიან მწვრთნელები, გაუმჯობესდება სპორტული ინფრასტრუქტურა, დაინერგება თანამედროვე საწვრთნელი მეთოდოლოგია, გუნდები უზრუნველყოფილი იქნებიან სპორტული ეკიპირებით და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტურნირებში.
მემორანდუმის გაფორმებამდე, ღია სპორტულ მოედანზე ჯერ ბავებთან შეხვედრა გაიმართა, შემდეგ კი, ფეხბურთით დაინტერესებული პირებისთვის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აკადემიის პროექტების მენეჯერი, გია ისიანი ესწრებოდნენ.