მოქალაქეებს ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრში" უფასო სარეაბილიტაციო კურსის ჩატარების შესაძლებლობა ეძლევათ
,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ მზადაა ფილტვის ქრონიკული დავადებების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, მიიღოს პაციენტბი უფასო სამკვირიანი სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად.
ახალი ინფრასტრუქტურა, უნიკალური ბუნებრივი პირობები, საგანგებოდ შერჩეული სამედიცინო პერსონალი, კომპლექსური გამოკვლევის თანამედროვე მეთოდები: რენტგენი, ექოსკოპია, ბიო-ქიმიური კვლევები, ფიზიო პროცედურები, სატრენაჟორო დარბაზი,სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშები, სამჯერადი სრულფასოვანი კვება სასიამოვნო და სასარგებლო დასვენებას ჰპირდება ჩვენს მოსახლეობას.
ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში ჩართვის მსურველებმა, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.
შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ გასაგზავნი კონტიგენტის შესარჩევი სს.“ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“-ს კომისია იხილავს პირველადი ჯანდაცვის ქსელის, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციას (ფ.#IV-100/ა), აფასებს მის შესაბამისობას სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გაგზავნის ჩვენებებთან და სოციალურ სტატუსთან. პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იძლევა რეკომენდაციას სარეაბილიტაციო კურსის გავლის მიზანშეწონილობის შესახებ.
კომისიის სხდომაზე განსახილველად პაციენტმა უნდა წარმოადგინოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- განცხადება რეაბილიტაციის კურსის გავლის სურვილის შესახებ;
- სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #IV-100/ა);
- სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #IV-100/ა) უნდა შეიცავდეს დიაგნოზს და დეტალურ ინფორმაციას დაავადების ანამნეზისა და პაციენტის მიერ ჩატარებული მკურნალობის შესახებ, აგრეთვე, მითითებული უნდა იყოს შემდეგი გამოკვლევების შედეგები:
- გულმკერდის რადიოლოგიური (რენტგენოლოგიური, კტ) კვლევა;
- ფილტვის ფუნქციური ტესტი (სპირომეტრია, ბოდიპლეტიზმოგრაფია);
- სისხლის საერთო ანალიზი;
- ელექტროკარდიოგრამა;
- ექიმ-სპეციალისტების (პულმონოლოგი, კარდიოლოგი, ოჯახის ექიმი) კონსულტაცია.
თუ პაციენტის მიერ წარმოდგენილ ფორმა #IV-100/ა-ში ზემოთ ჩამოთვლილი კვლევები და მათი შედეგები სრულად არ იქნა წარმოდგენილი, ან ჩატარებული კვლევები ხანდაზმულია, ან სამედიცინო კომისიამ განხილვისას მიზანშეწონილად ჩათვალა დამატებითი გამოკვლევების საჭიროება, მათი ჩატარება შესაძლებელია ტფდეც-ში შიდა სტანდარტით. სამედიცინო დაწესებულებებიდან წარმოდგენილ ფ.#IV-100/ა-ში მითითებული უნდა იყოს სტანდარტში ჩამოთვლილი ყველა გამოკვლევა და მისი შედეგი, მკაცრად უნდა იქნეს დაცული სარეაბილიტაციო ცენტრში გაგზავნის ჩვენებები. სამედიცინო კომისიამ ასევე შესაძლებელია განიხილოს იმ პაციენტთა განცხადებები, რომელთაც აქვთ სარეაბილიტაციო კურსის გავლის სურვილი და აქვთ ხანდაზმული სამედიცინო დოკუმენტაცია; ასეთ შემთხვევებში მათ რეკომენდირებული კვლევები ჩაუტარდებათ შიდა სტანდარტით ტფდეც-ში.
სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გაგზავნის ჩვენებები:
- ფილტვების ქრონიკული დაავადებები სუნთქვის უკმარისობის გარეშე;
- ფილტვების ქრონიკული დაავადებები სუნთქვის უკმარისობის I-II ხარისხით;
- რეაბილიტაცია სასუნთქი სისტემის მწვავე არასპეციფიური დაავადებების გადატანის შემდგომ (მწვავე პროცესის ჩაცხრომიდან უნდა გავიდეს მინიმუმ 1 თვე);
სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გაგზავნის წინააღმდეგ ჩვენებები:
- ფილტვების ქრონიკული დაავადებები სუნთქვის უკმარისობის III-IY ხარისხით;
- ფილტვების აქტიური ტუბერკულოზი;
- ქრონიკული დაავადებები გამწვავების ფაზაში და ჩირქოვანი პროცესით გართულების არსებობისას;
- მწვავე და გადამდები ფორმის ვენერიული დაავადებები;
- სისხლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები გამწვავების არსებობისას;
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის შემდგომი პერიოდი;
- ავთვისებიანი სიმსივნეები;
- ყველა დაავადება, რომელიც მოითხოვს სტაციონარულ (მათ შორის ქირურგიულ) მკურნალობას;
- რეციდიული სისხლდენები ფილტვებიდან ან სისხლიანი ხველის ეპიზოდები;
- არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი;
- მძიმე და არასტაბილური კარდიალური პათოლოგია;
- მწვავე ინფექციური დაავადებები;
- ქირურგიული ოპერაციების უახლოესი შემდგომი პერიოდი;
- ფსიქიური დაავადებები;
- კოგნიტიური არასტაბილური თანმხლები პათოლოგია;
- კახექსია;
- ორსულობა 26 კვირის და მეტი ხანგრძლიობის.
თუ პაციენტს ხელზე აქვს ვალიდური სამედიცინო დოკუმენტაცია,პაცენტის სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვის საკითხს პირდაპირ იხილავს კომისია.
თუ პაციენტს ხელზე აქვს სამედიცინო დოკუმენტაცია და გამოთქვამს რეაბილიტაციის პროგრამაში ინტეგრაციის სურვილს, შესაძლებელი გამოკვლევები, სრული მოცულებით, ჩაუტარდეს ტფდეც-ში დიაგნოზის დაზუსტების მიზნით.
სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად განსაზღვრული პაციენტთა ჯგუფები:
ა) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
ბ) იმ ოჯახის წევრები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები;
დ) სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
ე) „მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაოებზე დასაქმებული პირები, რომლებსაც სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების მაღალი რისკის გამო აქვთ სასუნთქი სისტემის დაავადებები.