ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მუნიციპალიტეტის მერმა TDDF-ის ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფის წევრებს უმასპინძლა

6 თებერვალი, 2023

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, პროექტის - ,,მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის ტყიბულის განვითარების ფონდის (TDDF) ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფის წევრებს უმასპინძლა. მერმა ახალგაზრდებისაგან მოისმინა იდეები გარემოსდაცვით ღონისძიებებზე და მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც საუბარი, ასევე შეეხო მზის ენერგიის პრაქტიკულ გამოყენებას. დავით ჩერქეზიშვილმა, ახალგაზრდებს რამდენიმე იდეასთან დაკავშირებით თანამშრომლობა შესთავაზა.

    

 პროექტს „მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში", იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი", „ტყიბულის განვითარების ფონდთან“ პარტნიორობით ახორციელებს, რომლის ფარგლებში ტყიბულის N1 საბავშვო ბაღში ინსტალირებული იქნება მზის სისტემა ცხელი წყალმომარაგებისათვის, რომელიც უზრუნველყოფილია ავტონომიური ელექტრომომარაგებით.

შეხვედრის მომდევნო დღეს, პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების: იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“, CENN-ის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების, ასევე, ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იმავე დღეს სტუმრებმა, N1 საბავშვო ბაღში განხორციელებული სამუშაოებიც დაათვალიერეს და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ჩართულობით გარემოსდაცვით აქტივობებს დაესწრნენ.

აღნიშნული ინიციატივა, CENN-ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP):სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში ” ფარგლებში ხორციელდება.

გააზიარე