ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

N7 საჯარო სკოლის ახალი სასწავლო კომპლექსი გაიხსნა

24 თებერვალი, 2023

ტყიბულში N7 საჯარო სკოლის ახალი სასწავლო კომპლექსი გაიხსნა, სადაც 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა.

თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა საზეიმოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნეს. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინე კორძაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

      

120 მოსწავლეზე გათვლილი, საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ორსართულიანი ძირითადი სასწავლო კორპუსისა და დამხმარე სამსართულიანი შენობისგან. კომპლექსში, ასევე განთავსებული მრავალ ფუნქციური დახურული სპორტული დარბაზი კეთილმოწყობილი გასახდელებითა და საშხაპეებით, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული მოედანი ტრიბუნებით. სკოლის სრული ტერიტორია ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოწყობილია პანდუსები, ლიფტები და ადაპტირებული სველი წერტილები.

სასწავლო ოთახების პარალელურად სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და საკონფერენციო სივრცე. სკოლა აღჭურვილია გათბობის, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე სტანდარტების კომპიუტერული ტექნიკით და ინვენტარით.

          

ახალი სასკოლო კომპლექსი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 4 558 018 ლარს შეადგენს.

ახლად გახსნილ სკოლაში 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ახალგაზრდებს სწავლის წარჩინებით დასრულება მიულოცეს და მათ შესაბამის სერტიფიკატებთან ერთად, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ტყიბულის მუნიციპალიტეტს 2020-2021 სასწავლო წელს 12 ოქროსა და 9 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს.

გააზიარე