„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება იწყება
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩეველთა კონსულტაციები იწყება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, სადაც მოქალაქეები თავად ირჩევენ განსახორციელებელ პროექტებს.
2022 წელს, ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია 542000 ლარი.
დასაფინანსებელი პროექტებია:
ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
ბ) სარწყავი სისტემები;
გ) სანიაღვრე არხები;
დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები;
ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
ზ) გარე განათება;
თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
კ) ამბულატორიის შენობები;
ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 10 000 ლარი;
ბ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 12 000 ლარი;
გ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 16 000 ლარი;
დ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 20 000 ლარი.
დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩეველთა კონსულტაციები 9-დან 21 მარტის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის 47 სოფელში ჩატარდება. კრებაზე/კონსულტაციაზე მოსვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
პროექტებისათვის გამოყოფილი საორიენტაციო თანხის ოდენობის ფარგლებში, მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებები ქვემოთ მოცემული ფორმის შესაბამისად, უნდა წარმოადგინონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ან გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: tyibuli.infrastr@gmail.com