ტყიბულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად N3 საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდინარე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის მერმა მწარმოებელი კომპანიისა და სამუშაოებზე ზედამხედველი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და რეაბილიტაციის პროცესში წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი მითითებები გასცა.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც გათვლილია 4 ჯგუფზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იღჭურვება, ხოლო დაფინანსების საერთო თანხა 540 000 ლარს შეადგენს.
’’ტყიბულის მე-3 ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ბაგა-ბაღში შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, განახლდა წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სისტემები, შენობა გაზიფიცირებულია და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული, შეძენილია შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა. გარდა ამისა, უკვე დასრულებულია საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის საპროექტო სამუშაოები, ხოლო, ეზოს რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება. N3 საბავშვო ბაგა-ბაღი იქნება საუკეთესო გარემო აღსაზრდელებისათვის, თანამედროვედ აღჭურვილი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი“ ,- განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა.