ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

27 იანვარი, 2026

10 თებერვლიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩეველთა კონსულტაციები გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა, სამუშაო ჯგუფის სხდომა გამართა, სადაც პროგრამის დეტალები განიხილა. შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე ესწრებოდა.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, სადაც მოქალაქეები თავად ირჩევენ განსახორციელებელ პროექტებს. პროექტების შერჩევა მოხდება ხმათა უმრავლესობით და განხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში გამოყოფილი თანხით.

ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია 542000 ლარი, რომელიც 47 სოფელზე ნაწილდება.

დასაფინანსებელი პროექტები:

  •  სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
  •  სარწყავი სისტემები;
  •  სანიაღვრე არხები;
  •  ნაპირსამაგრი სამუშაოები;
  •  გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
  •  ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
  •  გარე განათება;
  •  სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  •  სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
  •  ამბულატორიის შენობები;
  •  სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
  •  სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
  •  სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
  •  წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
  • მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
  •  გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
  •  საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩეველთა კონსულტაციები 10-დან 20 თებერვლის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდება. კრებაზე/კონსულტაციაზე მოსვლისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

პროექტებისათვის გამოყოფილი საორიენტაციო თანხის ოდენობის ფარგლებში, მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებები ქვემოთ მოცემული ფორმის შესაბამისად, უნდა წარმოადგინონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ან გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: tyibuli.infrastr@gmail.com

➡️საპროექტო წინადადებების ფორმა -https://docs.google.com/…/1nR6UpbJH3J…/edit…

➡️შეხვედრების გრაფიკი და გამოყოფილი თანხები - https://docs.google.com/…/1fE3MnpCCFqEC7m90FDCm_aBfx…/edit…

➡️მერის ბრძანება- https://drive.google.com/…/1vxJVnr87pBO9fMfFOFUWm2CnC…/view…

გააზიარე